ჩვენს მოქალაქეებს პირობა მივეცით, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა სუდანიდან მათი დროულად გამოყვანის, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება სუდანში მყოფი მოქალაქეების ოჯახის წევრების ინფორმირება.
"ძალიან გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების ბედი სუდანში. ვიცით, რომ იქ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და დაპირისპირება ძალიან რთულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ ათეულობით მოქალაქეს, რომელიც იმყოფება სუდანში სჭირდება დახმარება და პირველ რიგში რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვახდენთ კომუნკაციას, ყოველდღიურ რეჟიმში ვუზიარებთ ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი მოქალაქეების ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან სუდანში, იმ გადადგმულ ნაბიჯებზე, რასაც ვახორციელებთ. ჩვენ შეზღუდული ვართ იმ კონკრეტული მექანიზმების გამონახვაში, რომელიც ქმედითად დაგვეხმარება, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ სუდანიდან, თუმცა ერთი რაც შეგვიძლია და ეს ჩვენი მოვალეობაა, ვსაუბრობთ ყველა პარტნიორთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ არიან სუდანში, იქ ძალიან ბევრი ქვეყნის ბევრი მოქალაქეა ჩარჩენილი, მათთვის მთავარი რეკომენდაცია რაც გაცემულია, დარჩნენ იმ ადგილებზე, სადაც არიან განთავსებული და მაქსიმალურად მოერიდნენ ქუჩაში გადადგილებას. ჩვენც მსგავსი რეკომენდაცია მივეცით ჩვენ მოქალაქეებს. მათ პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ, რათა გამოვნახოთ შესაძლებლობა დროულად სუდანიდან გამოყვანის, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ, მოვახდინოთ იდენტიფიცირება მათი საჭიროებების და ამ მიმართულებითაც ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, დახმარება აღმოვუჩინოთ.
დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევით, ყველა იმ მოქალაქის გამოყვანა მოხერხდება მშვიდობით და უვნებლად, ვინც ჩარჩენილია სუდანში და ვისაც ამ რთულ პირობებში უწევს ამ ქვეყანაში ყოფნა," – განაცხადა დარჩიაშვილმა.