შეერთებული შტატები რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ კარა-მურზასთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას გმობს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოითხპვენ ყველა იმ ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სოლიდარობას ბატონ კარა-მურზასა და რუსეთის ნათელი მომავლის ყველა მამაცი დამცველის მიმართ, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულნი. ვუერთდებით მათ ოჯახებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს რუსეთსა და მთელ მსოფლიოში და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას." - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად გმობს ევროკავშირიც.
"დღევანდელი სასამართლოს აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებას აქტივისტებზე, უფლებადამცველებსა და ნებისმიერ იმ პირზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ," - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.