26 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ეჭვქვეშ დადგეს ეს ლეგიტიმაცია - ბაჩო დოლიძე

დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" გრძელდება - ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების გადაწყვეტილებას, ახალი ოფისის გახსნაზე, პარტიის თავჯდომარე ისევ აკრიტიკებს.

ლევან ხაბეიშვილი მისივე პარტიის წევრებს ურჩევს პატივი სცენ ჩატარებული არჩევნების შედეგებს ან ცალკე პარტია შექმნან. 

"მოვუწოდებ ყველას ერთობისკენ, თუმცა თუ ვინმეს განზრახული აქვს თავისი საკუთარი პარტია ჰქონდეს, პოლიტიკა აწარმოოს და მათ შორის, მისი საქმე იყოს ოპოზიციის ოპოზიციონერობა და თავდასხმა - ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა. მე მივმართავ ყველას, რომ უბრალოდ შეეგუონ იმ შედეგებს, რაც დააყენა ამომრჩეველმა.

როცა კონკრეტული ადამიანები, მისი პირადი სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე რაიმე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პარტია და საკუთარი პოლიტიკა განსაზღვრონ," – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ თუ ცდილობენ "ნაციონალურ მოძრაობას" "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ებრძოლონ, ეს არ გამოუვათ.

"მეცინება, რომ ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, თითქოს 100 კვადრატ ოფისში რამეს გააკეთებენ. 1 000 კვადრატიანი ოფისი ჰქონდათ, რეგიონებში ყველა ოფისს მართავდნენ, პარტიის ხელმძღვანელი პირები იყვნენ და გაკეთებული საქმეები ვერ ვნახეთ და 100 კვადრატში რა უნდა გააკეთონ არ ვიცი. თუ ვინმეს მუშაობა უნდა, ოფისის კარი ყველასთვის ღიაა, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ერთიანობა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ვინმეს თუ უნდა "ნაციონალური მოძრაობის" სახელით "ნაციონალურ მოძრაობას" ებრძოლონ და სუსის შტატიანი თანამშრომლებივით მოიქცნენ, ბოდიშით, მაგრამ ეს არ გამოუვათ," - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

მელიას გუნდში კი განმარტავენ, რომ ახალი ოფისის გახსნა პარტიული საქმიანობისთვის სჭირდებათ, რისი შესაძლებლობაც ახალი მენეჯმენტის პირობებში არ ჰქონიათ.

"საერთოდ არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა სამწუხაროდ, არა მარტო ჩვენთან მიმართებაში, ვინც წინა ხაზზე ვიყავით, თითოეულ ადამიანს, რომელიც არ იზიარებდა მათ პოლიტიკას, ყველას დაუკეტეს კარები. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ხალხი და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ოფისი გაიხსნა, ეს გაძლიერებისთვის კეთდება. მინდა შევახსენო, რომ მე რომ ანალოგიური კამპანია მეწარმოებინა და მეთქვა, რომ ჩემი არჩევის შემდგომ 2 დღეში მიხეილ სააკაშვილს გავათავისუფლებ და ამას, იმას ვიზამ თუ დასჭირდა ძალისმიერი მეთოდით, მანდ ნებისმიერი გაიმარჯვებდა. შესაბამისად, როდესაც ეს არ კეთდება, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლისგან დადგეს კითხვები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ცრუ დაპირებებით როდესაც მოდიხარ, მერე იქმნება პრობლემები. არაფერს არ გამოვრიცხავ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან ეჭვქვეშ დადგეს ეს ლეგიტიმაცია," - აცხადებს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები