26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა - არიან დაჭრილები და დაღუპულები

რეგიონში ვითარება ისევ დაიძაბა - ერთი საათის წინ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებები ადასტურებენ. ბაქოც და ერევანიც დაპირისპირების პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე.

სომხური მხარის თქმით კი, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს ტეღის დასახლების მიმართულებით აწარმოებდნენ.

სომხეთი აზერბაიჯანს ნაღმმტყორცნის გამოყენებაშიც ადანაშაულებს. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის დაჭრილი ან დაღუპული ჰყავს ორივე მხარეს.

დღის ამბები