რიკოთის უღელტეხილზე მეწყრულ პროცესებს გეოლოგები და გეოტექნიკოსები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან. ტარდება ტოპოგრაფიული, გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები. რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი და როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, ამაზე სპეციალისტები დასკვნას ამზადებენ.
კვლევის პირველადი შედეგით შესაძლებელი გახდა მთავარ მაგისტრალზე სპეციალური რეჟიმით მოძრაობის აღდგენა.
07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის
21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
იმ საათებში, როდესაც მოძრაობა შეზღუდულია, ავტომობილების მძღოლებისთვის ისევ არსებობს შეუფერხებელი ალტერნატივა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზა.
მოძრაობა რიკოთის მონაკვეთზე 30 მარტს აიკრძალა. მას შემდეგ, რაც თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს ბზარების ზრდის და მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია.
სპეციალისტების რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყრულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი. გზების დეპარტამენტი საბოლოო დასკვნის მოლოდინშია.
ექსპერტების აზრით, საფრთხე მხოლოდ ამ ტერიტორიას შეეხო და 52 კილომეტრიანი ავტომაგისტრალის დარჩენილ მონაკვეთებზე მშენებლობა, ჩვეულ რეჟიმში წარიმართა.
ავტორი:ლაშა ბერძენიშვილი