26 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
წონაში კლება ჯანმრთელობისთვის საშიში მეთოდით - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული პრეპარატი, რომელიც მადას აქვეითებს, თუმცა ონკოლოგიურ რისკებს ზრდის

შაქრიანი დიაბეტის წამალი წონის დასაკლებად - მსოფლიოში ახალი ბუმია, თუმცა გახდომა ამ მეთოდით ხშირად, ძალიან მძიმე დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკის ხარჯზე ხდება.

არასასურველ კილოგრამებს, დაუშვებელი მეთოდით საქართველოშიც ებრძვიან, და ამას ექიმთან კონსულტაციის გარეშე აკეთებენ - შედეგი სავალალოა.

ინფორმაცია, რომ წონაში კლება კონკრეტული პრეპარატით მარტივად - დიეტის და ვარჯიშის გარეშე არის შესაძლებელი, მალე გავრცელდა. გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ და ამ კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც მალევე ჩაერთნენ.

პრეპარატის ეფექტურობა არაერთხელ ახსენეს "ოსკარების" დაჯილდოებაზე. არსებობს ეჭვი, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს მის პოპულარიზაციაში ჰონორარსაც უხდიან, რადგან ამ კლასის მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა, გაჩნდა შავი ბაზარიც და მასზე ხელმისაწვდომობაც გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არ არის, მათი ყიდვა სხვა გზებით მაინც შესაძლებელია - ფასი საკმაოდ სოლიდურია.

ეს წამლები როგორც შენახვისას, ასევე ტრანსპორტირებისას ცივ ჯაჭვს ანუ სამაცივრე პირობებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მისი შავ ბაზარზე შეძენისას მაღალია რისკი დარღვეული იყოს პირობები. ეს გარემოება კი სხვა უკუჩვენებების გარდა დამატებით რისკს აჩენს. მიუხედავად საფრთხისა, ამ წამლის რეალიზატორები მომხმარებლებს ატყუებენ და არწმუნებენ, რომ ის უსაფრთხოა და გახდომის მიზნით მისი გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს.

შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შექმნილ პრეპარატს ექიმები სიმსუქნის, როგორც დაავადების თანმდევი ჩვენების სამკურნალოდ მართლაც ნიშნავენ, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ სიღრმისეული კვლევების შემდეგ, თანაც იმ შემთხვევაში თუ სიმსუქნისა და დიაბეტის რისკი ადამიანის ორგანიზმისთვის უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე წამლის შესაძლო უკუჩვენება.

მედიკამენტის არადანიშნულებისამებრ მიღების უკუჩვენებები აქ არ მთავრდება, გამოწვეული პრობლემები ხშირად შეუქცევადი და გამოუსწორებელია.

საფრთხეების შესახებ ექიმები ღიად და ხმამაღლა საუბრობენ. გაფრთხილება რისკების შესახებ პრეპარატის ანოტაციაშიც გარკვევით წერია, მაგრამ ის ინტერესს არ ამცირებს - პირიქით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც გახდომის სურვილი ჯანმრთელობის სურვილს აჭარბებს.

 

დღის ამბები