26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ზუსტად 6 დღეში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე საქართველო წარდგება - "ITB Berlin" ჩვენი ქვეყნის ეროვნული პროგრამით 6 მარტს გაიხსნება

მზის ამოსვლა მწვერვალ უშბაზე, სამთო-სათხილამურო კურორტები, თბილისის ხედები, კულინარია და კულტურა - ეს საქართველოს სავიზიტო ბარათია. საქართველო "აი თი ბი ბერლინის" მასპინძელი ქვეყანაა და ამის შესახებ, ყველაზე დიდი, ტურისტული გამოფენის ოფიციალური გვერდი, საერთაშორისო სტუმრებს ხშირად უყვება.

"ეს ქვეყანა გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი მოგზაურობა დასამახსოვრებელი იქნება“,- წერს "აი თი ბი ბერლინი".

ზუსტად 6 დღეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა იხსნება. "აი თი ბი ბერლინზე" საქართველოს რამდენიმე ქალაქი წარდგება. მათ შორისაა ქუთაისი - ქალაქი, რომელსაც ოფიციალური მონაცემებით ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ გერმანიიდან სტუმრობს.

ზღვა და მთა - ტურისტულ შესაძლებლობებს წარადგენს აჭარაც. "აი თი ბი ბერლინის" სტუმრებისთვის დამზადებულია ბროშურები, რომელიც აჭარის უნიკალურ ბუნებასა და ოთხივე სეზონს ტურისტებს აცნობს.

"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა" - ამ სლოგანით და მრავალფეროვანი პროგრამით საქართველო გერმანიაში, მასპინძლის სტატუსით წელს პირველად წარდგება. გამოფენაზე საქართველოდან ტურიზმის სფეროს 80-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

"აი თიბი ბერლინი", ჩვენი ქვეყნის ეროვნული პროგრამით 6 მარტს გაიხსნება. ისტორიულად მნიშვნელოვან ღონისძიებაზე საქართველო მრავალსაუკუნოვან კულტურას და ტურისტულ პოტენციალს საერთაშორისო ვიზიტორებს 3 დღიან გამოფენაზე გაუზიარებს.

დღის ამბები