26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"ჩემს მეგობარს, ჩემი პირადი მხარდაჭერა ექნება" - ვინ დაუჭერს მხარს ლევან იოსელიანს ოპოზიციიდან

ვინ დაუჭერს მხარს ლევან იოსელიანს? - სახალხო დამცველობის ახალ კანდიდატზე პარლამენტში წინასწარი განწყობა ასეთია - ოპოზიციის ნაწილი მიესალმება ომბუდსმენის რანგში დეპუტატ ლევან იოსელიანის არჩევას.

"ლევან იოსელიანი, როგორც იცით, ჩემი მეგობარია პირადად და, შესაბამისად, ჩემს მეგობარს, ჩემი პირადი მხარდაჭერა ექნება. თუმცა ექნება, თუ არა "გირჩის" მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით, ალბათ საუბარი დასაწყებია, სათქმელია მისგანაც პოზიცია, ჩვენგანაც შესაჯერებელია საკითხები და ამის შემდეგ იქნება პასუხი. რაც შეეხება ჩემს მხარდაჭერა, ზოგადად, მე მეგობრებს ვენდობი და მხარს ვუჭერ," - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

გიორგი გახარიას პარტიაში "საქართველოსთვის" ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებას "ცოტა უცნაურს" უწოდებენ. რადგან ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერია, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, სახალხო დამცველი პოლიტიკური ფიგურა არ უნდა იყოს.

ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს ოპოზიციონერი ხათუნა სამნიძე.

ლევან იოსელიანს, დიდი ალბათობით, "ევროპელი სოციალისტების" მხარდაჭერაც ექნება. სიმპათია მის მიმართ დღეს ფრიდონ ინჯიამ გამოხატა, მისივე თქმით, პარტიაში ამ საკითხზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეები" სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ- ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ იოსელიანს აქვს რესურსი, პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

 

დღის ამბები