26 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
კარტელური გარიგება გაიაფებული მედიკამენტების გასაძვირებლად - ხელისუფლება ადასტურებს, რომ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს არაეთიკურ, შეთანხმებულ მოქმედებასთან

ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, გასული კვირის მსგავსად, "კურიერს" კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასები ისევ მაღალი დახვდა. იმპორტირებული, თურქული თემოდალი 143 ლარის და 50 თეთრის ნაცვლად 280 ლარი ღირს. არ შეცვლილა და ისევ მაღალია გულისა და ანტითრომბოზული მედიკამენტების ღირებულებაც.

მედიკამენტების გაძვირებულ ფასებზე მოქალაქეებიც საუბრობენ. "კურიერის" რესპონდენტები ამბობენ, რომ თურქეთიდან შემოტანილი წამლებზე ფასის მატება დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრი დიდი ფარმაცევტული კომპანიების მიმართ მკაცრ მიდგომებზე საუბრობს. ზურაბ აზარაშვილი თურქეთიდან შემოტანილ გარკვეულ მედიკამენტებზეც ფასების გაზრდის მიზეზებს განმარტავს. ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტი კომპანიები პრეპარატების ღირებულებასა და შეზღუდვებზე გადაწყვეტილებებს თავად იღებენ.

წამლის ფასის რეგულირების მიზნით მთავრობამ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო, პრემიერმა დღეს დადგენილებას ხელი მოაწერა. მედიკამენტების ფასების რეგულირების უწყებათაშორის კომისიას უფლებამოსილება გაეზარდა. კერძოდ თუ დადასტურდა, რომ კონკრეტულ პრეპარატზე ღირებულებამ მოიმატა, კომისია მოკლე ვადებში წამლის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს და ფარმაცევტული კომპანიებიც ამ რეგულაციას დაექვემდებარებიან.

პარალელურად კონკურენციის სააგენტომ საკითხის შესწავლა დაიწყო. თუ დადგინდა, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა შეთანხმებულად გაზარდეს მედიკამენტებზე ფასი, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა მაღალი იქნება.

პრემიერის გადაწყვეტილებით საქართველომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი გასული წლის მარტში დაიწყო, რამაც პრეპარატების ღირებულება 60%-80%-ით გააიაფა. მთავრობამ წამლებზე ზედა ზღვარი - რეფერენტული ფასებიც დააწესა. დაარეგულირებენ თუა არა კომპანიები ფასებს - გადაწყვეტილების შესაბამისი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა.

დღის ამბები