26 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
გაერო "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტით ღრმად შეშფოთებულია, პროექტის ავტორები კი ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაერო "ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში“.

გაერო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტთან დაკავშირებით გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

„მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი“ - ნათქვამია განცხადებაში.

დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ კანონპროექტის შემქმნელები.

"გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, იმედია, საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს დემოკრატიის. მართლა გაუგებარია, ის, რაც ერთ ქვეყანაში კარგია დემოკრატიისთვის და გამჭვირვალობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარისთვის, სხვა ქვეყანაში იყოს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა?! რატომ დავარეგისტრირეთ ჩვენ ორი კანონი და, მათ შორის, მეორე კანონი, რომელიც არის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი ამერიკული კანონის - სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ორმაგი ინტერპრეტაციებისთვის საფუძველი გამოგვეცალა," - ამბობს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი სოზარ სუბარი. 

დღის ამბები