26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
პარიზი, სიდნეი, ბრიუსელი, ლონდონი, ნიუ იორკი და თბილისის ანძა - უკრაინის დროშის ფერებში განათებული შენობები

უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის ნიშნად სახელმწიფოებმა შენობები უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს. მხარდაჭერის ნიშნად, სიმბოლურად ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა ეიფელის კოშკი საფრანგეთში. უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს ავსტრალიაში სიდნეის ოპერის თეატრი, ბრიუსელში ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს შენობები.

უკრაინის დროშის ფერებშია განათებული თბილისის ანძაც. ამით საქართველო და მისი დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს.

სოლიდარობის აქციები გაიმართა მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოში. ასობით ადამიანი მხარდაჭერის ნიშნად ლონდონის, ნიუ-იორკისა და სიდნეის ქუჩებში გამოვიდა. მხარადამჭერი გზავნილები ისმოდა მსოფლიო ლიდერებისგანაც. წუთიერი დუმილით დაღუპულ უკრაინელებს პატივი ბრიტანეთის მთავრობამ მიაგო.

როგორ გააერთიანა მსოფლიო რუსულმა აგრესიამ და როგორ შეიცვალა მსოფლიო ერთ წელიწადში? ორი მიმართულება: სამხედრო და პოლიტიკური.

ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე სოლიდარობის აქციები გაიმართა.

"ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ" - ამ შეძახილებით ასობით ადამიანი გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც სანთლებითა და უკრაინის დროშებით ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ტალინში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღეს.

ომში დაღუპულ უკრაინელებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაუნინგ სტრიტზე. უკრაინას სოლიდარობას უცხადებს გერმანიაც, სპეციალურ ვიდეომიმართვაში ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერს, რამდენიც საჭირო იქნება.

ღონისძიებების პარალელურად კი მსოფლიო რუსეთისთვის მორიგი სანქციების დაწესებაზე მსჯელობს. როგორც ირკვევა, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი ვერ შეათანხმა. მიზეზი პოლონეთია, რომელიც პაკეტის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს უწესებს შეერთებული შტატებიც.

დღის ამბები