26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
სოლიდარობა უკრაინას - ერთი წლის წინ დაწყებულ საომარ მოქმედებებს საქართველოში აფასებენ

400-ზე მეტი რეზოლუცია, ანსამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრები, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა - ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ მძიმე ვითარებაში საქართველო უკრაინის გვერდით დგას. პრემიერის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს თანადგომა არ შეუწყვიტავს. მშვიდობა - როგორც მთავარი სურვილი, მთავრობის ხელმძღვანელმა უკრაინას მეზობელი თურქეთიდან გაუგზავნა.

ერთი წლის წინ დაწყებულ საომარ მოქმედებებს აფასებენ "ქართული ოცნების" ლიდერები. როგორც მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება საომარი მოქმედებების შეჩერება. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომზეც საუბრობს. სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს პარტიის თავმჯდომარე.

უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში. ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს სიტყვით სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. 

მხარდაჭერასა და სოლიდარობაზე ორბელიანების სასახლიდან ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება, უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით უკომპრომისოა. მოგვიანებით პირველმა კანონმდებელმა უკრაინის რადას თავმჯდომარეს სოციალური ქსელითაც მიმართა.

ამ ომზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალში ევროპის უსაფრთხოება - ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია. მათივე განმარტებით, დღეს მშვიდობის დამყარებაში მსოფლიო რეაგირებას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.

ტერიტორიული მთლიანობა და მშვიდობაა მთავარი გზავნილი უკრაინის მისამართით "ქართული ოცნების" გენერალური მდივნისა და დედაქალაქის მერის მხრიდან.

ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას - ეს განცხადება twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებამ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

დღის ამბები