26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"არა მგონია დაერტყა, ან საჯდომზე ამოარტყამდა ან მკლავზე, თორემ სახეში დარტყმა არ იცოდა ჩემმა ძმამ..." - 2 წლის შვილზე ძალადობისთვის კახეთში მამაკაცი დააკავეს

ორი წლის შვილზე ძალადობისთვის კახეთში მამაკაცი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 35-წლამდე კაცს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. შსს-ის ცნობით, ბრალდებულმა 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.

ორი წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით ბავშვი საავადმყოფოში მოათავსეს. მომხდარის შესახებ პოლიციას ბავშვის ბებიამ აცნობა, რომელიც თავდაპირველად ირწმუნებოდა, რომ მცირეწლოვანზე დედა ძალადობდა, თუმცა დღეს ის სხვა ვერსიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლოს მისმა შვილმა ბავშვს დაშინების მიზნით გაარტყა.

"დღისით სახლში არ არის, 11-12 საათზე მოდის და ეგ როგორ სცემდა?! "ფეჩთან" იდგაო[ბავშვი], რომ გამოვიყვანეო, შევაშინეო, ხელი დავარტყიო და ამაზე თუ დამიჭერენ, დამიჭირონო... სხვა დროს არ დაურტყია არა" - განაცხადა ბავშვის ბებიამ.

"არამგონია დაერტყა, ან საჯდომზე ამოარტყამდა ან მკლავზე, თორემ სახეში დარტყმა არ იცოდა ჩემმა ძმამ... არც დაარტყამდა. როცა [ბავშვი] "ფეჩთან" მივიდა, ალბათ მაგიტომ, დამწვრობები ჰქონდა და კიდევ რომ არ დაეწვა, გამოდიო ალბათ უთხრა და გამოიყვანა და დაარტყა," - აღნიშნავს დაკავებულის და.

ბავშვის ბიძა კი დედის მხრიდან ნებისმიერი სახის ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს და ყოფილი სიძის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს.

მცირეწლოვანი გუშინ გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ის მალევე თბილისის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები