26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ვლადიმერ ბოჟაძე: უსამართლოდ და დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ხელისუფლებას და გვამუნათებენ, "გავისეირნოთ" სოხუმში და ცხინვალში

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბოჟაძე წერს, რომ მსგავს ქმედებას ავატურის ნაწილად მოიხსენიებს.

"რუსეთ-უკრაინის უსასტიკესი ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. 1 წელია საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს აკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მხარი დავუჭირეთ 400-ზე მეტ საერთაშორისო დოკუმენტს(მათ შორის გუშინ გაეროში), პირველ ადგილზე ვართ ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის მიხედვით, 200 000 უკრაინის მოქალაქემ ისარგებლა სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამებით, 30 000 მეტი უკრაინელი ლტოლვილი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს საქართველოში, 1 წელია 1 გულწრფელი მადლობა არ მოგვისმენია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, პირიქით 1 წელია უსამართლოდ და დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ხელისუფლებას, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, 1 წელია "გვამუნათებენ" და მოგვიწოდებენ "გავისეირნოთ" სოხუმში და ცხინვალში, გადავცეთ საბრძოლო იარაღი, ჩავერთოთ ომში და გავხსნათ მეორე ფრონტი.

დღესაც კი, უკრაინისთვის უმძიმეს თარიღს, აგრძელებენ უმადურობას და სამარცხვინო განცხადებას აკეთებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი. დღესაც ბედავს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს, მსჯავრდებული და დამნაშავე სააკაშვილის, რომელიც საქართველოში არეულობის, დესტაბილიზაციის და რევოლუციისთვის შემოაპარეს, ამ ავანტიურის წარმატების შემთხვევაში საქართველოში მეორე ფრონტსაც გახსნიდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ნაწილი ასე ღიად არის დაინტერესებული არეულობის გზით ხელისუფლების ცვლილებით და ქვეყნის ომში ჩართვით, თუმცა მიუხედავად ამისა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მუდამ ექნება ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა, ხოლო კასიანოვის მსგავსი ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ!" - წერს ბოჟაძე.

ანდრეი კასიანოვმა დღეს საქართველის სახელისუფლებო გუნდი გააკრიტიკა და თქვა: "ვგმობთ იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე".

დღის ამბები