პარლამენტში იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს. პარლამენტის თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად ჩატარდა პარაკლისიც. შალვა პაპუაშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუსვა.
"ეს გმირობა არის მაგალითი, რომელიც თაობიდან თაობას გადმოეცემოდა და ჩვენი ვალი არის, რომ შემდეგ თაობებს ეს გმირობა გადავცეთ. წელს ამ დღეს აღვნიშნავთ განსაკუთრებულ გარემოებაში, როდესაც გვაქვს ამხელა გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ და განსაკუთრებით ამ დროს ორმაგი პასუხისმგებლობა არის საჭირო ყველა ჩვენი ქმედებისა და გადაწყვეტილებისთვის, რათა ის, რისთვისაც ამ გმირმა იუნკერებმა დაღვარეს სისხლი შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 102 წლის წინ საქართველოს ისტორიაში როგორც დიდი ტრაგედიის, ასევე დიდი გმირობის ფურცელი დაიწერა.
"102 წლის წინ ეს დღეები საქართველოს ისტორიაში დაიწერა როგორც დიდი ტრაგედიის და ასევე ამავე დროულად დიდი გმირობის ფურცელი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი იუნკერებით, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. მამა შალვამ ჩაატარა დღეს მათი სულების მოსახსენიებელი პარაკლისი, ასევე გვირგვინებით შევამკეთ მათი საფლავები და ჩვენ ყოველთვის ვიცხოვრებთ მათი გმირობით," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.