26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
შავი ზღვის ქვეყნების ჩართულობა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში - ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭო, ალიანსის შტაბ-ბინაში 2 დღე იმსჯელებს

ქართველ კანონმდებლებს, ორი დღის განმავლობაში, შეხვედრები ნატო-ს პოლიტიკურ და ხელმძღვანელებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების დეპუტატებთან და საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან აქვთ. ის რომ საქართველო ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, არაერთხელ ითქვა ნატო-ს შტაბ-ბინაში - განსაკუთრებით ბოლო დროს და განსაკუთრებით რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

ქართულ დელეგაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ამ მიზნის მისაღწევად ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთიანად უნდა იმუშაოს, ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, ვიქტორ დოლიძე ხაზს უსვამს, რომ ნატო-ს ქვეყნებისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების თემა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

"საპარლამენტო დონეზე შეხვედრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, გამომდინარე იქიდან რომ აქ არამხოლოდ საგარეო, უსაფრთხოების და სხვა თემებზე ვსაუბრობთ, არამედ შიდა პოლიტიკურ თემებზეც. მოგეხსენებათ პოლიტიკური კონტექსტი ჩვენი ნატო-ელი და ევროკავშირელი მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ამომწურავად მიეწოდებათ ინფორმაცია თუ რა ხდება, სად არის საქართველო, რა გზით მიდის, უკრაინასთან მიმართებაში იქნება ეს თუ ზოგადად რეგიონულ კონტექსტში. შავი ზღვის თემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ალიანსისთვის," - თქვა დოლიძემ.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ღიად ითქვა იმის შესახებ, რომ საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ის შესაძლებლობები, რომლებიც გააჩნია.

"ჩვენმა ნატო-ს პარტნიორებმა ღიად მიგვითითეს იმ პოლიტიკის საჭიროებაზე, რაც აუცილებელია მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის და იმ ღირებულებების დაცვისთვის, რასაც რუსეთი უქმნის საფრთხეს. ამ ვითარებაში, როდესაც გამოწვევებით აღსავსე დროა, ღიად გვითხრეს ის, რომ შესაძლებლობები რომლებიც საქართველოს აქვს - ხელიდან არ უნდა იყოს გაშვებული," - ამბობს აქუბარდია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ თვითონ ალიანსის უსაფრთხოების ინტერესებშიც შედის და ამას ყველა აღიარებს.

"განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს პროგრესის განხილვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გადასადგმელია ალიანსის მხრიდან, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დასაჩქარებლად.
ყველა აღიარებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება შედის არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ინტერესებშიც," - განაცხადა ბერაიამ.

ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭოს სხდომა 2 დღეს გაგრძელდება. შეხვედრები ნატოს შტაბ-ბინაში ხვალ დილიდან დაიწყება.

დღის ამბები