ბადრი ესებუას საქმის პროკურორი ხმის, სუნის და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვს. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა. უწყება ითხოვს ბადრი ესებუას "სუნის და ხმის ნიმუშის აღებას", რათა შეადარონ "საქართველოს ბანკში" ამოღებულ ნიმუშებს.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად დრო ითხოვა, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაცია გაიაროს. თავის მხრივ სასამართლომ ამისთვის, დაცვის მხარეს გონივრული ვადა მისცა. მომდევნო სასამართლო სხდომა კი 22 თებერვალს ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა ბადრი ესებუამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.