26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"ხელმოცარულები, რომლებიც გვყავს რადიკალურ ოპოზიციაში, ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ" - "ქართული ოცნება" კობახიძის სტატუსის შესახებ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სტატუსის შესახებ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოფიციალური მაჩვენებლებით ბოლო წლებში მიგრაციული სალდო შემცირებულია.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მიგრაციული ნაკადებიც შემცირდება.

"ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, უკეთესი სამუშაო პირობებისთვის, უფრო სწორედ ანაზღაურებისთვის, ამას არავინ არ მალავს. თუმცა, ასევე, ჩვენ ვხედავთ მიგრაციის უარყოფითი სალდოს შემცირებას. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმედს, რომ სამომავლოდ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყნის გარეთ მიგრაციული ნაკადები შემცირდება. თუ ჩვენ მივაღწევთ საშუალო ევროპულ დონეს, რა თქმა უნდა ნებისმიერი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, ისურვებს, რომ საკუთარ ქვეყანაში იმუშაოს, ვიდრე საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდეს, აქ ეს კავშირი უნდა დავინახოთ," - ამბობს სამხარაძე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ქვეყანა 220 ათასმა მოქალაქემ დატოვა და რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

"ეს ხელმოცარულები, რომლებიც გვყავს რადიკალურ ოპოზიციაში, ცდილობენ რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მარტივია, სტატისტიკა აიღონ. სხვათა შორის, ის სტატისტიკა რაც დაფიქსირებულია, იყო მათ დროს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაფიქსირებული, ვინმე ხომ ვერ იტყვის რომ გააყალბეს ან არასწორი მონაცემებია და შეადარონ, 220 ათასმა მოქალაქემ დატოვა ჩვენი ქვეყანა მათ დროს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაინც, ის დაახლოებით 25 ათასის ფარგლებში იყო. ავსტრიის კანცლერი იყო ჩამოსული და თქვა, რომ ყოჩაღ, თქვენი ბრძნული პოლიტიკის შედეგად თქვენ გაქვთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ევროპამ ვერ მოახერხა. მათ შორის უნგრეთიდან, მათ შორის ევროკომისიამ დადებითი დასკვნა დადო, ესე იგი სწორი რეფორმის ავტორები ვართ.

ვერასდროს ამ ქვეყანაში "ნაცები", ვაშაძეები, ეს ხელმოცარულები რევოლუციას ვერ მოახდენენ, იმიტომ რომ ხალხი ბრძენია, ხალხმა იცის ვის გვერდით დადგეს და ვის გვერდით არ დადგეს," - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები