26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
მადლობელი ვარ ყველა ლიდერის და იმ მხარდამჭერი სიგნალებისთვის, რომლებიც მიუნხენში იყო - ზელენსკი

უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებისთვის დილა საჰაერო განგაშის სიგნალით დაიწყო. ღამით სარაკეტო იერიში განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე. დაზიანდა 4 მაღალსართულიანი შენობა, კერძო საწარმო და ელექტროგადამცემი ხაზი.

75-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება. ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა იერიშებს ხარკოვის ოლქზე.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქების 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს საოკუპაციო ძალის შეტევა.

ტრადიციული ვიდეომიმართვა გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. იგი აცხადებს, რომ რუსული აგრესიის ერთადერთი დასასრული ოკუპანტების მარცხი იქნება.

"მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიებში დომინირებდა არა მხოლოდ უკრაინის თემა, არამედ უკრაინის გამარჯვების საკითხი, რომელსაც ვუახლოვდებით. არის მნიშვნელოვანი განცხადებები მსოფლიო ლიდერების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად და არის სიგნალები ჩვენი თავდაცვისთვის იარაღის მიწოდების გაძლიერების შესახებ. ეს ეხება, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, სხვა სახის იარაღსა და უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას.

მადლობელი ვარ ყველა ლიდერის და იმ მხარდამჭერი სიგნალებისთვის, რომლებიც მიუნხენში იყო. ეს ადასტურებს, რომ რუსეთის აგრესიას მხოლოდ ერთი ფინალი ექნება - ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. რუსეთს აღარ უნდა ჰქონდეს დრო ტერორის ახალი ფორმების მოსაძებნად. ჩვენი დიპლომატიური მუშაობა მომავალ კვირას სწორედ ამას, ჩვენი მოძრაობის დაჩქარებას დაეთმობა. ველით მნიშვნელოვან სიახლეებს უკრაინისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამჟამად იცავს სახელმწიფოს ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით, დონეცკისა ზაპოროჟიეს დამცველებს. მივიღეთ ძლიერი სიგნალები პარტნიორებისგან და კონკრეტული შეთანხმებები რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობასთან დაკავშირებით, უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები