ბაკურიანში ჩემპიონატი ტარდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, მსოფლიოში ძალიან რთულ ვითარებაში. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ჩვენ ორი კვირის მანძილზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვიქნებით ასეთი პოზიტიური კუთხით. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, სათხილამურო ფერედაციას, ყველა ადამიანს. ასევე მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი კომპანიის "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციამ ნდობა გამოუცხადა საქართველოს და გაიზიარა ორგანიზატორების ხედვა.
როგორც გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ინიციატივა საქართველოს მთავრობამაც მთლიანად გაიზიარა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად უპრეცედენტო ინვესტიციები განახორციელა.
"ეს არის ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენთან ერთად და მოგილოცოთ ყველას ბაკურიანის ჩემპიონატის დაწყება. ეს არის ჩვენი ყველას დიდი ძალისხმევა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომ ნდობა გამოუცხადა საქართველოს და მოგვცა უფლება, ჩაგვეტარებინა მსოფლიო ჩემპიონატი: გაიზიარა ჩვენი ხედვა, ჩვენი ინიციატივა. ასევე საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ჩვენი ინიციატივა და უპრეცედენტო ინვესტიციები განახორციელა ინფრასტრუქტურის შესაქმნელად ბაკურიანში. მადლობა ასევე ყველა მოხალისეს, ვინც იმუშავა ამდენი წელი და ვინც იმუშავებს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს," - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში დღეს გაიხსნა და 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.