26 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
"ხალხის ძალა" უცხოური გავლენის აგენტებს მათ მიერ დაწერილი კანონით აღარ გამოავლენს - კრიტიკის შემდეგ უმრავლესობამ კანონის ამერიკული ანალოგის პირდაპირ თარგმნა გადაწყვიტეს

ოპონენტების და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკის შემდეგ "ხალხის ძალა" მზად არის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი შეცვალოს. ინიციატორები ამბობენ, რომ პროექტი, რომელიც შტატებში მოქმედ კანონს ეფუძნება, შესაძლოა მისი ზუსტი ანალოგი გახდეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორები განმარტავენ, რომ უკვე რეგისტრირებულ პროექტში მათ უფრო ლიბერალური მიდგომები ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ გაჩნდა კითხვები, მზად არიან პირდაპირ ამერიკული მოდელი გადმოიღონ.

ოპოზიციამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამერიკული მოდელი საქართველოში რუსული იქნებოდა, დღეს რიტორიკა შეარბილა, თუმცა იდეას მაინც აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები წინასწარ აცხადებენ, რომ კანონი ამერიკულიდან სრულად კოპირების შემთხვევაში ისევ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. მათთვის მიუღებელია ტერმინი უცხოური გავლენის აგენტიც.

რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია ამერიკული კანონის კოპირებასაც? - პროექტის ინიციატორებს ოპონენტების განცხადებები მათი საქმიანობის შესახებ გარკვეულ ეჭვებს უჩენს. "ხალხის ძალა" ოპოზიციას მიუთითებს, რომ გამჭვირვალობის პრინციპი, რომელიც პროექტითაა განსაზღვრული არა რუსული, არამედ დასავლური პრაქტიკაა. განმარტავენ, რომ სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება მოუწევს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლის შემოსავლის მინიმუმ 20% ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან ფინანსდება.

დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება" უმრავლესობის წევრების ინიციატივას? - მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში უნდა იმსჯელონ, თუმცა მათთვის პროექტის შინაარსი საინტერესოა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ოპონენტების მხრიდან საკითხის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციაზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ მუშაობს მსგავსი კანონები დემოკრატიულ ქვეყნებში.

ე.წ.ლობისტების რეესტრი გერმანიაში 2022 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს, სადაც დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს ბუნდესტაგისთვის ფინანსური ანგარიშგების დეტალურად წარდგენის ვალდებულება აქვთ. რეესტრში დარეგისტრირებული არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა, "ამნესთი ინთერნეიშენალი" და "ჰუმან რაითს ვოთჩი". ამერიკაში კი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მართვა იუსტიციის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს ექვემდებარება.

შტატებში მოქმედი კანონმდებლობა დარეგისტრირებას ავალდებულებს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელიც უცხოელი დირექტორატის უფლებამოსილებით და ფინანსებით საქმიანობს. აგენტები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან, არღვევენ ფედერალურს კანონს და მათ წინააღმდეგ შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. აშშ-ს კანონის მიხედვით 2018 წელს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი მიიღო ავსტრალიამაც.

დღის ამბები