26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
მიუნხენი მსოფლიოს გავლენიანი პერსონების შეკრების ადგილია - უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხის პირობებში ტარდება

პოლიტიკოსები, სამხედროები, დიპლომატები, 40 ქვეყნის მეთაური, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები - მიუნხენის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბავარიული სასახლე" ისევ მსოფლიოს გავლენიანი პერსონების შეკრების ადგილია. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, წელს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

უსაფრთხოების რიგით 59-ე კონფერენცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხის პირობებში ტარდება. ფოკუსი უკრაინაა. მთავარი ამოცანა: ერთიანობა და მეტი ძალისხმევა, რომ აზიური, აფრიკული და ლათინო-ამერიკული ქვეყნები მეტად ჩაერთონ რუსეთის იზოლირებაში.

ეს ასევე არის პირველი კონფერენცია, სადაც მიპატიჟებული არ არის რუსეთის ოფიციალური დელეგაცია. პუტინის ნაცვლად რუსეთს წარმოადგენენ: ხადარკოვსკი და კასპაროვი.

კონფერენციის მონაწილეებს რუსეთ-უკრაინის ომზე მიუნხენში სპეციალურად მომზადებული 176 გვერდიანი ანგარიში ხვდებათ. მიუნხენში ჩასულია შეერთებული შტატების რეკორდულად დიდი დელეგაცია: ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მეთაურობით.

ვაშინგტონს ტრანსატლანტიკური ერთიანობის იმედი აქვს, თუმცა ანგარიშში გამოწვევად ისიც აღნიშნულია, რომ ნეიტრალურ და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილ ქვეყნებში ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ, მიუნხენის მიზანი იმ ქვეყნების კოალიციის გაფართოებაც არის, ვინც საერთაშორისო წესებს ეთანხმება.

მიუნხენში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა რამდენიმე პირისპირ შეხვედრა.

შარშან ამ დროს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას გაცილებით იოლი გამოწვევები ჰქონდა, თუმცა ფორუმის დასრულებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო ომი, რომელმაც მსოფლიოს თამაშის წესები თავდაყირა დააყენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯოზეფ ბორელთან შეხვედრა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხს შეეხო. ამასთან, პრემიერს საუბარი ჰქონდა რამდენიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელთან, საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით.

"პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა გახსნით ცერემონიალს, სადაც გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი გზავნილები. ლიდერებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც უსაფრთხოების კუთხით აწუხებს მთელ ევროპას და არამარტო.

ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ბატონ ბორელთან. საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. პრემიერმა მას გაუზიარა იმ ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველომ 2022 წელს გაატარა.

პრემიერ-მინისტრს, გარდა ოფიციალური შეხვედრისა ბატონ ბორელთან, შეხვედრა ჰქონდა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან. საუბარი შეეხებოდა იმ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც იქნება საქართველოში, რომელიც არის მიმზიდველი საერთაშორისო კომპანიებისთვის და პარალელურად პოლიტიკური შეხვედრებისა, პრემიერ-მინისტრი ყოველთვის და მათ შორის მიუნხენში მართავს ამ შეხვედრებს, რათა კომპანიებს თავად გაუზიაროს ის მიზიდულობა, რომელიც აქვს საქართველოს ბიზნესისთვის," - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები