უნიკალური ქართული ღვინოები და მათი 8 000 წლიანი ისტორია ამჯერად ღვინის მოყვარულებმა პარიზში დააგემოვნეს და გაიცნეს. საქართველომ "ვინ ექსპო პარიზზე" 13 ქართული კომპანიის მიერ ჩამოსხმული ღვინოები წარადგინა. 52 ქვეყანას შორის რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე შეიკრიბნენ, ჩვენს ქვეყანაში დამზადებულმა ღვინოებმა სომელიეების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ყველაზე დიდი მოწონება საფრანგეთის დედაქალაქში ტრადიციულად საფერავმა და ქვევრის ღვინომ დაიმსახურა. შეერთებული შტატების საუკეთესო სომელიემ დეგუსტაციისას მსოფლიოს საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელებში ქვევრის ქისი გამოარჩია. ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინოების პოპულარიზაციას პარიზის შემდეგ ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოს სხვა ცნობილ გამოფენებზეც გეგმავს, მიზანი კი უცვლელია-ტურისტების და ღვინის მოყვარულების დაინტერესება ქვეყნით, რომელსაც ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს.