ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის და შვედეთის განაცხადებები შეიძლება ცალ-ცალკე შეფასდეს - კომენტარი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"შესაძლებელია, ფინეთის კანდიდატურა ცალკე შევაფასოთ და ეს უდავოდ იქნება ის თემა, რომელიც განიხილება შეხვედრებზე. მას შემდეგ, რაც განვაცხადეთ, რომ ფინეთთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა, ჩვენ ეს საკითხი ჩართულ ქვეყნებთან და ნატო-სთან განვიხილეთ," - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში.
ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. მათი გაწევრიანებისთვის ნატო-ს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც იანვარში სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვეს, ანკარამ შვედეთის მთავრობა თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.