რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასიურ თავდასხმას გეგმავს - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინა მზად არის, მსგავს დარტყმას გაუმკლავდეს.
მასშტაბური საჰაერო განგაში იყო ღამით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე - სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ ისევ მოუწოდებენ. იერიშის შედეგად დონეცკის ოლქში დაღუპულია 3 ადამიანი და დაიჭრა 11.
აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ კრემენჩუკსა და პოლტავაში. დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში, მასიური თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ქალი, დაშავდა შვიდი ადამიანი, დაზიანდა საწარმო და დაინგრა სახლები.
ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით კი იერიში განხორციელდა ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.