26 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"კრედიტ სუისზე" მორიგი მამხილებელი სტატია დაიბლოკა - ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი ევროპულ მედიაში ცენზურის კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი საინფორმაციო ბლოკადაზე კიდე ერთხელ საუბრობს. "ემ ქეი დის" უფროსი პარტნიორის თქმით, მიმდინარე წელს ბრიტანულ პრესაში "კრედიტ სუისის" მენეჯმენტის მამხილებელი სტატია ცენზურის ქვეშ მეორედ მოექცა. ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, შვეიცარიული მედიის შემდეგ, ექს-პრემიერის ადვოკატებს ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობა ევროკავშირშიც ეზღუდებათ, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.

საერთაშორისო სასამართლოებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ, დღეს ის ტექსტიც გაასაჯაროვა, რომელიც ევროპული პრესის ფურცლებზე ვერ მოხვდა. სტატიაში ქრონოლოგიურადაა საუბარი "კრედიტ სუისის" მმართველების საეჭვო გადაწყვეტილებებზე. ასევე, იმ სამართლებრივ ლაფსუსებზე, რომელსაც ივანიშვილი კუთვნილი 2 მილიარდის განკარგვის შეფერხების პროცესში აწყდება. "ემ ქეი დი" ცენზურის უკან კონკრეტული ძალების ინტერესებს ხედავს.

ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შეფერხებას და შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტის არალეგალურ მოქმედებებს ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობას უკავშირებს "ხალხის ძალა". საზოგადოებრივმა მოძრაობამ დღეს სპეციალური წერილიც გამოაქვეყნა.

"შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში დაუბრკოლებლად წარმოებს ბიძინა ივანიშვილის რეკეტი, რაშიც უშუალოდ არიან ჩართული სახელმწიფო და საფინანსო სტრუქტურები" - წერია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ტექსტში. კანონმდებლები შანტაჟის მოტივად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილს ასახლებენ.

"კრედიტ სუისის" საქმეში პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავს საპარლამენტო ოპოზიცია. კანონმდებლების განცხადებით დავა კომერციულია და ცენზურა არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის სუბიექტურ ინტერესებს უკავშირდებოდეს.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ ბრძოლის მეთოდებს ევროპული ღირებულებებისგან ფუნდამენტურად განსხვავებულს უწოდებენ მმართველ პარტიაში. სახელისუფლებო გუნდის წევრები ევროპულ ინსტიტუტებს ფაქტის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ შვეიცარიული ბანკის მესვეურებისა და მათი პარტნიორების სტრატეგია, საქართველოში დასავლური სამყაროს რეპუტაციას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი შვეიცარიულ "კრედიტ სუისთან" სინგაპურისა და ბერმუდას სასამართლოებში სამართლებრივ დავას აწარმოებს. 2022 წლიდან ბიძინა ივანიშვილს ბანკის ტრასტების მიერ, კუთვნილი 2 მილიარდის ქონების განკარგვის საშუალება სამართლებრივად დაუსაბუთებელი მიზეზებით არ ეძლევა.

დღის ამბები