26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრიგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით" - ირაკლი ზარქუა

მუქარა და ულტიმატუმი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას. საუბარია ევროპარლამენტარის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუ არ ითამაშებს მათი წესებით. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით და ეს ყველამ უნდა გაიგოს. 

"ის საქართველო შევარცხვინე, რომელიც კუბილიუსის და გრიგოროვას თამაშის წესით განვითარდება. ვერ გაიგეს ამათ, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონით. რაც შეეხება ავტორიტეტშელახული, კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტარების ამ მუქარას სერიოზულად ვერ განვიხილავ. ვინც საქართველოს ელაპარაკება ულტიმატუმის ენით და ერთ დამნაშავეს აიგივებს ევროპულ ინტეგრაციასთან და პარალელებს ავლებს, ის არ არის ჩემთვის საქართველოს მეგობარი.

ეს არის ფასიანი ლობისტების მცდელობა, მილიონი დოლარი რომ გადაიხადეს, ეს არის ვიწრო ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ "ნაციონალური მოძრაობის".

დაახლოებით, 6 პარლამენტარი დააკავეს კორუფციის ბრალდებით, ფულს იღებდნენ, ეს ფულიც აღმოუჩინეს, მილიონობით ევროზეა საუბარი და მიდის ყოველდღიურად  დაკავებები. არ გამოვრიცხავ, ეს დაკავებები გაგრძელდეს,  ისეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები, რომლებიც პირიქით, უნდა მოგვიწოდებდნენ კანონის უზენაესობისკენ," - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” წევრი, ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტარს ურჩევს, მოიძიოს ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა სჭირს რეალურად მიხეილ სააკაშვილს. 

"იგი წარმოაჩენს მდგომარეობას ასე, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებთ, ჩვენი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დადგება საფრთხის ქვეშ. ანუ, რა გამოდის, თუ კანონის უზენაესობას დავარღვევთ, მხოლოდ მაშინ გვექნება ევროკავშირის წევრობის სტატუსი? ბატონ კუბულიუსს ვურჩევ, რომ კარგად მოიძიოს ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა სჭირს რეალურად მიხეილ სააკაშვილს. მას რეალურად არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ერთადერთი რაც სჭირდება, ცოტა მეტი კალორიულობის საკვები უნდა მიიღოს,“ - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები