26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ევროპელი სოციალისტები" აგვისტოს ომის ახალ გამოძიებას ითხოვენ - საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საპროკურორო გამოძიების დაწყების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

"ევროპელი სოციალისტები" აგვისტოს ომის ახალ გამოძიებას ითხოვენ. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საპროკურორო გამოძიების დაწყების მიზნით უკვე ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას. ფრიდონ ინჯია და მისი თანაგუნდელები ეჭვობენ, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ კოლაბორაციონისტული ნაბიჯები გადადგა.

ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილების ფონზე, რატომ მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას - ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის მისაღებადაც გამოძიების დაწყება რელევანტურად მიაჩნია მოძრაობა "ხალხის ძალას".

ევროპელი სოციალისტების ინიციატივას ყოფილი სახელისუფლებო პარტიიდან დღეს არავინ გამოხმაურებია. ნაცმოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტშია. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებს გამოძიება არ სჭირდება. რადგან, აგრესორი ქვეყნის ქმედებები და სტრატეგია უკრაინაშიც კარგად ჩანს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერც მმართველ პარტიაში ხედავენ. უმრავლესობაში დღეს განმარტეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებმა რუსული აგრესია არაერთხელ დაადასტურეს. კანონმდებლების აზრით, ერთადერთი კითხვა იმ რეზოლუციას უკავშირდება, სადაც მათი თქმით, ყოფილმა ხელისუფლების წევრებმა ომის დაწყება საკუთარ ჯარისკაცებს დააბრალეს.

დაიწყება თუ არა ომის მე-14 წლისთავზე კიდევ ერთი გამოძიება უცნობია. "ევროპელი სოციალისტები" ინიციატივის რეალობად გადასაქცევად რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას იწყებენ.

 

დღის ამბები