26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
გიორგი ჩალაძის აღიარება - იურისტი ოპოზიციური პარტიიდან ირწმუნება, რომ თუ სააკაშვილს გაათავისუფლებენ, ბიძინა ივანიშვილის ფულს შვეიცარიული ბანკიდან დააბრუნებს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატირების სურვილი გამოთქვა. იურისტი ოპოზიციური პარტიიდან "ქართული ოცნების" დამფუძნებელს იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს ციხიდან გაუშვებენ, შვეიცარიული ბანკიდან ფულის დაბრუნებას ჰპირდება.

ექს-პრეზიდენტის დედას გიორგი ჩალაძის განცხადების შინაარსის განხილვა არ სურს. გიული ალასანია ამბობს, რომ არ იცის თუ როგორ აპირებს სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი პატიმრის ქვეყნიდან გაყვანის სანაცვლოდ, ივანიშვილის ფინანსური სანქციების საკითხის მოგვარებას.

თავად გიორგი ჩალაძეს საკუთარ განცხადებაზე დღეს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია. სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი მედიით გუშინ ღიად თქვა, რომ შეუძლია "კრედიტ სუისთან" ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დავა გადაჭრას, თუმცა კონკრეტული პირობით.

ჩალაძის პირობა არასერიოზულია "ნაციონალური მოძრაობის" მელიას გუნდის წევრებისთვის. ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიას შვეიცარულ ბანკზე გავლენის მოხდენის არანაირი რესურსი არ აქვს. ჩალაძის პირად სურვილად აღიქვამს მის განცხადებას ხაბეიშვილის ფრთაც.

ქვეყნისა და ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოებული შანტაჟის კამპანია - უმრავლესობისთვის ჩალაძის შეთავაზება ამის მტკიცებულებაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სანქციების და ივანიშვილის ფინანსური პრობლემების საკითხი რეალურად არა სამართლებრივი დავის, არამედ პოლიტიკური ვაჭრობის საგანია.

დაქირავებულ ლობისტებთან ერთად წარმოებული კამპანიის პარალელურად, პარტია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციებს განაგრძობს, თუმცა დღესაც კახეთში, ფოთსა და ხაშურში მონაწილეთა სიმცირის გამო, აქციის დაწყება ვერც დაგეგმილ დროს მოხერხდა და სულ ცოტა ხანში დასრულდა. საერთოდ ვერ ჩატარდა აქცია ადიგენში. პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ პროტესთვის საყოველთაო მობილიზაცია ჯერ გამოცხადებული არ აქვთ.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი პერსპექტივა აღარ აქვს, რასაც აქციაზე მისული მხარდამჭერთა რაოდენობაც ადასტურებს. მმართველი ძალის თქმით, ეს პროცესები ამ პოლიტიკური ძალის დასასრულია.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ამ ეტაპზე ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო საქმიანობაზე, თუმცა, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მანდატებს და ხელფასს.

დღის ამბები