26 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
უკრაინის გარდა, წნეხის ქვეშაა მოლდოვაც, რაც შეეხება საქართველოს, კავკასიას, ამ საკითხებზეც გვექნება დღეს განხილვა - ჟოზეფ ბორელი

ბელგიაშია საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამერიკაში გამართული ვიზიტის შემდეგ ახლა რამშტაინის შეხვედრას ესწრება. თავდაცვის მინისტერიალზე ყველაზე აქტუალური კვლავაც უკრაინის სამხედრო დახმარებაა. ალექსეი რეზნიკოვი ბრიუსელში კონკრეტული მოთხოვნებით ჩავიდა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ტანკების და საბრძოლო მასალის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისი წვრთნები უკვე მიმდინარეობს.

"მე ვფიქრობ, რომ გერმანია ლიდერობს ამ სატანკო კოალიციაში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ის ფაქტი, რომ უკრაინას ეს ტანკები რაც შეიძლება მალე სჭირდება. ამიტომ, მიხარია, რომ წვრთნა რეალურად დაიწყო და გვყავს ქვეყნების ეს ჯგუფი, სადაც ყველა ცდილობს რაღაცის დამატებას, რათა უკრაინამ მიიღოს რაც შეიძლება მეტი, რაც შეიძლება მეტი ტანკი, მეტი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალა. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტანკები უკრაინას მიეწოდება," - აცხადებს ოლონგრენი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელი ამბობს რომ მინისტერიალზე მოლდოვის და საქართველოსკენ მიმართული წნეხის შესახებაც შედგება განხილვა.

"რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. სამწუხაროდ ამ ყველაფერს მოაქვს მსხვერპლი. არ არის ნიშანი იმის რომ პუტინი გაჩერებას აპირებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. უკრაინის გარდა წნეხის ქვეშაა მოლდოვაც. ეს სიტუაცია ყოველდღიურად რთულდება. რაც შეეხება საქართველოს, კავკასიას, ამ საკითხებზეც გვექნება დღეს განხილვა," - თქვა ბორელმა.

ფინეთის თავდაცვის მინისტრის, იუსი ნიინისტოს თქმით, ფინეთი ნაწილია იმ დახმარების, რაც უკრაინის მიმართ სხვადასხვა, მათ შორის ლოგისტიკის და სათადარიგო ნაწილების კუთხით ხორციელდება.

"დღეს ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ლეოპარდების გადაცემის საკითხზე. მაგრამ ფინეთი ფრონტის ხაზის სახელმწიფოა. ასე რომ, ტანკების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ბევრი. ჩვენ საჯაროდ არ ვამბობთ, რამდენი და რა სახის მხარდაჭერა გვექნება ამ თანამშრომლობასა და კოალიციაში. მაგრამ თანამშრომლობის მრავალი გზა არსებობს, როგორიცაა ვაჭრობა, სათადარიგო ნაწილები, ლოგისტიკა და ა.შ. და რა თქმა უნდა ფინეთი ამის ნაწილია. მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა ყველაზე ეფექტური გზით მოვახდინოთ," - ამბობს ნიინისტო.

დღის ამბები