რუსები ნელ-ნელა ბახმუტს იკავებენ - სტატიას ამის შესახებ დასავლური გამოცემა BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ბახმუტზე თავდასხმა, რომლის ხელში ჩაგდებასაც ოკუპანტები ბოლო 6 თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდნენ.
სტატიის ავტორის შეფასებით, რომელიც უშუალოდ იმყოფებოდა ბახმუტის ბრძოლის ველზე, რუსი ოკუპანტები ბახმუტის დამორჩილებისთვის ბრძოლას მეტი სიმძაფრით განაგრძობენ, რადგან სურთ, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე მაინც დაამყარონ ქალაქზე კონტროლი.
მიუხედავად რუსული აგრესიის გაძლიერებისა, დაბალი ტემპერატურისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობისა, უკრაინული არმია მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას ბახმუტში.
93-ე ბრიგადის კაპიტნის განცხადებით, მათ აქვთ ყველანაირი იარაღის დანაკლისი, განსაკუთრებით, კი საარტილერიო ჭურვების.
როგორც კაპიტანი ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, მათ ასევე სჭირდებათ ჯავშანტრანსპორტიორები და სხვადასხვა საბრძოლო აღჭურვილობა, თუმცა ამბობს იმასაც, რომ "ამ ომის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, თუ როგორ ვიბრძოლოთ შეზღუდული რესურსებით."