26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
7 დღე დამანგრეველი მიწისძვრიდან - ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში სტიქიამ 36 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მიწისძვრიდან ერთ კვირის შემდეგ ნანგრევებში ცოცხალი ადამიანების პოვნის შანსი, პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუმცა, 128 საათიანი უწყვეტი ძებნის შედეგად მაშველებმა ჰათაის პროვინციაში, ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვის ამოყვანა მაინც შეძლეს. ჩვილის გადარჩენას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.

ნაიდე უმაი ჰათაის პროვინციის კიდევ ერთი გადარჩენილია. მან ნანგრევების ქვეშ 175 საათი გაატარა. ქალის ჯანმრთელობაზე ახლა ექიმები ზრუნავენ. ნაიდე უმაის მსგავსად სამედიცინო დახმარება ათიათასობით ადამიანს სჭირდება. თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-სს მიაღწია. გაერო-ში აცხადებენ, რომ ეს ციფრი შესაძლოა გაორმაგდეს.

მხოლოდ თურქეთში, სტიქიამ ზიანი 13 მილიონ ადამიანს მიაყენა. დაზარალებულ 10 პროვინციაში 234 000-მდე მაშველი მუშაობს. გადარჩენილების პოვნის შესაძლებლობას დროსთან ერთად ყინვაც ამცირებს.

რთული ვითარებაა სირიაშიც, სადაც გაერო-ს ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ 350 000-მდე ადამიანი დარჩა. ორგანიზაციამ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.

ბოლო 100 წლის განმავლობაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა მსოფლიოში მეექვსე ყველაზე მომაკვდინებელ სტიქიურ უბედურებად დასახელდა. ტრაგედიამ ქვეყნებს ერთმანეთთან არსებული უთანხმოებაც კი დაავიწყა. პირველად 35 წლის განმავლობაში თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი გაიხსნა. სომხეთი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. თურქეთს დახმარება გაუგზავნა საბერძნეთმაც. სტიქიის ზონაში თურქ მაშველებთან ერად ბერძნებიც მუშაობენ. დაზარალებულ ანთაქიაში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც თურქ კოლეგასთან ერთად ჩავიდა.

დღის ამბები