26 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
მკითხავის მიერ მოტყუებული პროფესორი - "ჯადოს მოხსნის" პირობით, 10 შვილის დედამ ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორს 17 500 დოლარი გამოსძალა

თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში ზოია ლუპაშენკოს ყველა იცნობს. 35 წლის ქალმა სახელი მკითხაობით გაითქვა. აქ ყველამ იცის ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალს პოლიციამ ხელბორკილები დაადო. ის კლიენტისგან თაღლითური გზით 17 500 დოლარის გამოძალვაშია მხილებული, თუმცა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 35 წლის ბრალდებულს, სახლში 10 შვილი ჰყავს.

თბილისში ცნობილ მკითხავს საცხოვრებელ მისამართზე მივაკითხეთ. ის კამერებთან არ ჩნდება. სატელეფონო საუბარში კი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და თანხა, რომელიც კლიენტისგან აიღო მხოლოდ ჯადოს მოსახსნელად სჭირდებოდა.

ზოია ლუპაშენკოს უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი ოჯახი. გვარწმუნებენ, რომ მას წინასწარმეტყველების უნარი შთამომავლობით გადმოეცა. თაღლითობაში ბრალდებულის ძმა "რუსთავი 2-თან" საქმის დეტალებზე ჰყვება. ამბობს, რომ მის დას კლიენტმა დიდი ოდენობით თანხა საკუთარი სურვილით გადასცა.

"ჩემი და არაფერში დამნაშავე არ არის.  არ გაძარცვა და ძალით არ გამოართვა. უბრალოდ აიღო და ამ ქალმა მისცა - ჩემმა დამაც აიღო.  უნდა შეელოცა ჩემს დას და შეულოცა კიდევაც, მაგრამ ეს ქალი, რაღაც, ვერ დაკმაყოფილდა მაგით. მივიდა პოლიციის განყოფილებაში და უჩივლა. ჩემს დას 10 შვილი ჰყავს და მისახედი ჰყავს ეს ბავშვები, ეგეც არ გაითვალისწინეს,"- აცხადებს ნიკა ლუპაშენკო.

სისხლის სამართლის საქმე პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს, რის გამოც "რუსთავი 2" დაზარალებულის ვინაობას არ ასაჯაროებს. "კურიერი პიესმა" მისი ჩვენება მოიპოვა. მსხვერპლი თავად იხსენებს, თუ როგორ ენდო ზოია ლუპაშენკოს.

"მე ვარ მორწმუნე მართლმადიდებელი. ადრე, სანამ ამ ქალბატონს შევხვდებოდი, მკითხავები საერთოდ არ მაინტერესებდა, მაგრამ მან რაც მითხრა დაემთხვა ჩემს მდგომარეობას, რის გამოც მის მიმართ გამიჩნდა ნდობა და ინტერესი... მითხრა, რომ ჯადოს მოსახსნელად დასჭირდებოდა ფული და ძვირფასეულობა. მე მას ამ მიზნით გადავეცი 12 500 დოლარი და ოქროულობა, ჯამში 17 500 დოლარის ოდენობით. მას შემდეგ ის კონტაქტზე აღარ გამოდიოდა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა" - წერს ჩვენებაში დაზარალებული. 

თაღლითობის მსხვერპლი ჩვენებაში, ასევე, ჰყვება, რომ მკითხავს ოჯახში არსებული პრობლემების გამო მიაკითხა. დაზარალებული ქალი ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორია.

პირადი პრობლემების გადასაჭრელად მკითხავთან მისული პროფესორი, საბოლოოდ, დიდი აფერის მსხვერპლი აღმოჩნდა. ფულთან ერთად საქმეში ოქროს ნივთებიც ფიგურირებს. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ძვირფასეულობაც და თანხაც, ჯამში 17 500 დოლარის ოდენობით, ზოია ლუპაშენკოს მხოლოდ დროებით, ჯადოს მოსახსნელად სჭირდებოდა.

ახლა 35 წლის ბრალდებული მოსამართლის განაჩენს ელოდება. თაღლითობის დადასტურების შემთხვევაში 10 შვილის დედას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები