26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ქუჩის აქციები "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება

პერმანენტული აქციები, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" დედაქალაქსა და სხვა რეგიონებში მართავს, პარტიაში ახალი დაპირისპირების მიზეზია. მოქმედი თავმჯდომარის გუნდისთვის პროტესტის ეს ფორმა მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან დახსნის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია, თუმცა პარტიის ყოფილი მენეჯმენტი ასე არ ფიქრობს. ნიკა მელიას გუნდს, რომელსაც არჩევნების შემდეგ პარტიულ გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე აზრს აღარ ეკითხებიან, მიაჩნია, რომ აქციებს რეალური შედეგი არ ექნება და უფრო აქტიური მობილიზებაა საჭირო. ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ლევან ხაბეიშვილისგან ელის.

რას ფიქრობს ყოფილი თავმჯდომარე და მისი ფლანგი, პარტიის ახალ ხელმძღვანელს არ აინტერესებს. ლევან ხაბეიშვილი უკვე რამდენიმე დღეა წინამორბედის მხარდამჭერების ბრალდებებს აღარ პასუხობს, მისი თანამოაზრეები კი დარწმუნებულები არიან, რომ აქციებს შედეგიც ექნება და საბოლოოდ ფართომასშტაბიან სახესაც მიიღებს. ხაბეიშვილის გუნდი თანაპარტიელებს ურჩევს არჩევნების შედეგებს შეეგუონ.

რამდენად ერთიანია პროტესტი მაშინ, ორდესაც საპროტესტო აქციები პარტიის ერთი გუნდისა და ყოფილი თავმჯდომარის გარეშე მიმდინარეობს? ნიკა მელიას თანამოაზრეთა ნაწილი ამბობს, რომ ახალი მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად, მათთან შეუთანხმებლად იღებს და გეგმების შესახებ ინფორმაციას ბრიფინგებიდან იგებენ. ფაქტს უარყოფენ ლევან ხაბეიშვილის გუნდში.

პროტესტს, რომელსაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა, მმართველი ძალის თქმით, შედეგი არ ექნება. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება ჯერ კიდევ შიდაპარტიულ არჩევნებამდე დაიწყო, მაშინ, როდესაც ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა თავმჯდომარის შეცვლა მოითხოვეს. უკვე სამ თვეზე მეტია პარტიაში უთანხმოება და ურთიერთბრალდებები გრძელდება.

 

დღის ამბები