26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
ზელენსკის ტურნე ევროპაში და მეორე გასვლა ქვეყნიდან, ომის დაწყების შემდეგ - რას მიიღებს უკრაინა პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა

ომის დაწყებიდან პირველად, ბრიუსელში ​ ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერმა ევროპელ კოლეგებს პირადად გააცნო ის კრიტიკული საჭიროებები, რაც ქვეყანას აქვს.

ბრიუსელი სტუმარს ტაშით დახვდა - ყველას უნდოდა პირადად ენახა ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი, რომელიც ბოლო 1 წელია ევროპისთვის მთავარ ფიგურად იქცა. მითუმეტეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს პირველად მიმართავდა პირისპირ. ევროპელმა კანონმდებლებმა, უკრაინის პირველი პირის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება, გულთბილი დახვედრით, უკრაინის ჰიმნითა და პირადად ზელენსკისთვის გადაცემული ევროკავშირის დროშით გამოხატეს.

ზელენსკის არ დასჭირვებია იმის მტკიცება, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ეს ევროპამ ისედაც იცის. თუმცა არის საკითხი, რაზეც უკრაინას ევროპელების დათანხმება მოუწევს - "საბრძოლო თვითმფრინავები" ტანკების შემდეგ კიევის მთავარ მოთხოვნად იქცა. ზელენსკის დღესაც არ დაუმალავს,რომ ამაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს. ამისთვის საუკეთესო ადგილი კი ევროკავშირის საბჭო იყო,სადაც დღეს გაერთიანების ყველა ლიდერი შეიკრიბა.

ერთობლივი ფოტოს შემდეგ კი იყო სხდომა. სადაც ზელენსკის ყველა ლიდერი მიესალმა და დახმარებას დაჰპირდა - ზოგმა მეტი,ზოგმა ნაკლები,თუმცა უკრაინის მიმართ ევროპა რომ ერთიანია, ამას ისიც მოწმობს,რომ კიევმა მათგან უპრეცედენტო სამხედრო, ფინანსური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება მიიღო. ეს ზელენსკის შარლ მიშელმაც შეახსენა, რომელიც სტუმარს შემდეგი სიტყვებით დახვდა: "მოგესალმებით ევროკავშირში, თქვენს სახლში" - პასუხად კი მადლობა მიიღო და თხოვნა, რომ ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს. ამ კონტექსტში არც მოლდოვა და საქართველო დავიწყებია და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მათი მხარდაჭერაც უნდა გააგრძელოს. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ, იყო ღია გზავნილებიც.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ზელენსკის ბრიუსელში ჩაფრენისა და გამოფრენის დრო საიდუმლო იყო. ბელგია რიგით მე-5 ქვეყანაა,რომელშიც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ჩავიდა. მანამდე იყო შტატები და პოლონეთი. ბელგიამდე კი ლონდონი და პარიზი - სადაც ზელენსკი ლიდერებს მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა ხატოვნად სთხოვა: " მოგვეცით ფრთები თავისუფლებისთვის".

დღის ამბები