26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციებს მართავს

შიდა არჩევნებიდან 10 დღის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობაში", ამჯერად, საპროტესტო აქციებზე დაობენ. პროტესტის ამ ფორმას ნიკა მელიას თანამოაზრეთა ნაწილი არ უერთდება, ისინი ფიქრობენ, რომ მსგავს შეკრებებს შედეგი არ ექნება და საჭიროა უფრო აქტიური მობილიზება.

ამისთვის ყოფილი თავმჯდომარის ფლანგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პარტიის ახალი მენეჯმენტისგან ელის. ახალი თავმჯდომარის გუნდი კი აქციებს, უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით განაგრძობს და თანაგუნდელებს ურჩევს, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას შეეგუონ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ", დღეს პროტესტისთვის ბორჯომი, ზესტაფონი, ხელვაჩაური და სიღნაღი აირჩია. სწორედ კახეთში შეხვდნენ პარტიის წარმომადგენლებს ხმაურით, ადგილობრივებმა ოპოზიციას წარსული და მათი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომები შეახსენეს.

შეკრებებს რეგიონებში დღეს მელიას ფლანგი არ დასწრებია. აქციაზე ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერები იყვნენ, ასევე, ისინი, ვისაც პარტიაში შედარებით ნეიტრალური პოზიცია აქვს, მათ შორის, გია ბარამიძე, რომელიც ახალ თავმჯდომარეს პოლიტიკური საბჭოს ნაწილობრივ დაკომპლექტების ფორმების გამო აკრიტიკებს. ბარამიძე ხაბეიშვილს ურჩევს, პოლიტსაბჭოში საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად, ყოფილი თავმჯდომარის გუნდიც შეიყვანოს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქციები და მსგავსი პროტესტი რომ შედეგს ვერ გამოიღებს - ეს დღეს კიდევ ერთხელ თქვეს მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ამ ძალის დაზუსტებაზე მეტყველებს.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ახალ ფორმას მიმართა, პარტია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა და საპარლამენტო საქმიანობაზე უარი თქვა, თუმცა შეინარჩუნა მანდატები. ეს საკითხი ოპოზიციური პარტიაში დამატებითი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.

დღის ამბები