თბილისის განვითარების ფონდი პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს, სამუშაოები, ქალაქის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის აღდგენას ძველი იერსახის შენარჩუნებით, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, მათ შორის, შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობას.
ასევე ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციულ გამაგრებას. სამუშაოები, მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.
"გარკვეული ნაწილის დემონტაჟი გახდა საჭირო. იმიტომ, რომ არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაცია, გვიწევს ახლის აშენება. დანარჩენი რაც შესაძლებელი იყო იმის შენარჩუნება მოხდა, პირვანდელი სახით იქნება აღდგენილი.
ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლია, თითოეულ დეტალს და ორნამენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შენარჩუნებული იქნება. 90-მდე ოჯახი გვყავს ქირით გაყვანილი,"-აცხადებს კახა კალაძე.