26 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"ექიმი არ ვარ, უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ექსპერტების და ექიმების დასკვნას, რომ ქვეყანაში არ არის შესაბამისი კლინიკები, რომელიც სააკაშვილის გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს" - ირაკლი ნადირაძე

"ღამის კურიერის" შეკითხვაზე, სამედიცინო ექსპერტების ნაცვლად რატომ არ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში უცხოელი, მაღალი დონის ექიმების ჩამოყვანა, ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე პასუხობს, რომ მხოლოდ მაღალი დონის მედიკოსების ჩამოყვანა ქვეყანაში ექსპრეზიდენტს ვერ გამოაჯანმრთელებს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რაც არ უნდა კარგი ექიმები ჩამოიყვანონ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობას გამორიცხავს ის ფაქტი, რომ საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი აპარატურა, სარეაბილიტაციო ცენტრები და კლინიკა, რომ საქართველოში ექსპრეზიდენტის გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

"მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყანაშიც, მსოფლიოშიც, ჰყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი, რომელიც მზად არის მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად გაიღოს ყველაფერი. მათ შორის, მზად არიან წაიყვანონ უცხოეთში საუკეთესო კლინიკებში, გამოუგზავნონ სპეცთვითმფრინავები, იმიტომ, რომ მათგანაც მოვისმინე და ამ შემთხვევაში მე ექიმი არ ვარ და უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ძალიან ავტორიტეტული ექსპერტების და ექიმების დასკვნას, რომ ამ ქვეყანაში არ არის შესაბამისი კლინიკები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

რამდენიმე დღის წინ იყო გამოსული კლინიკის დირექტორი, რომელმაც თქვა, რომ შემოსვლის დღიდან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. ფაქტია, რომ არაერთი კლინიკა შეუცვალეს.

დღეს თანამედროვე მედიცინას, როგორი კარგი ექიმებიც არ უნდა გვყავდნენ, საქართველოში იქნება ეს თუ ჩამოვიყვანთ ექსპერტებს, სჭირდება შესაბამისი აპარატურა, შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრები და მე რაც მოვისმინე ექიმების და ექსპერტების დასკვნები, ასეთი კლინიკა და ჯანდაცვის სისტემა საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს. ამიტომაც, ექიმების ჩამოყვანა, მე მესმის, რომ "ქოცური" პროპაგანდა ამაზე მუშაობს, ჩამოიყვანეთ და აქ უმკურნალეთ..

დღეს ბევრწილად ადამიანის გამოჯანმრთელება არის დამოკიდებული კარგ აპარატურაზე, კარგ სარეაბილიტაციო ცენტრებზე. მათ შორის ის დიაგნოზები, რომლებიც ისმეოდა ექიმის მიერ, აცხადებენ, რომ ამ დიაგნოზით ადამიანების მკურნალობის და გამოჯანმრთელების დიდი გამოცდილება ჩვენს ქვეყანას არ აქვს," - განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში ირაკლი ნადირაძემ.

დღის ამბები