26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
როგორ იმუშავა პარლამენტმა ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად - საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მთავარი თემა იყო

როგორ იმუშავა პარლამენტმა ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად - ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მთავარი თემა იყო. დაახლოებით 5 საათის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი კოლეგებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აცნობდა, რომელიც დეპუტატებმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწიეს. სასამართლო რეფორმა, სახალხო დამცველი, დეპოლარიზაცია, სპიკერს დღეს ვრცელი განმარტებების გაკეთება ამ თემებზეც მოუწია.

შალვა პაპუაშვილის ანგარიშს დარბაზში მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი ესწრებოდა, განსხვავებით ოპოზიციისგან, რაც სპიკერისთვის დასმული კითხვების რაოდენობაზეც აისახა.პაპუაშვილს დეპუტატებმა სულ 8 კითხვა დაუსვეს, საიდანაც 5 ოპოზიციას ეკუთვნოდა.

რეგლამენტში ცვლილებები, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, დეოლიგარქიზაცია და სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი - პარლამენტის თავმჯდომარემ მისთვის რიგით მეორე წლიური ანგარიშის წარდგენა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებისთვის გადადგმული ნაბიჯებით დაიწყო. შალვა პაპუაშვილს ევროკომისიისგან ოპტიმისტური მოლოდინი აქვს და ამბობს, რომ მის ოპტიმიზმს თებერვლის დასაწყისში მიღებული შეფასება უფრო ამყარებს.

კითხვები იყო ამ დრომდე შეუთანხმებელ საკითხებზეც, თუ რატომ ვერ შეირჩა ამ დრომდე ახალი ომბუდსმენი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრი.

პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი სიტყვითაც ისარგებლა და თქვა, რომ გასული წელი 12 რეკომენდაციის შესრულების გარდა არაერთი გამოწვევით იყო დატვირთული. შალვა პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფომ მთავარი ამოცანა შეასრულა, რაც მოსახლეობის სიმშვიდეს და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას გულისხმობს.

პარლამენტის სპიკერის წლიურ ანგარიშს აღმასრულებელი ხელისუფლება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები