26 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
მედიას პირადადაც განვუმარტე ამ რეგულაციის და აკრედიტაციის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია "ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის შეკითხვას პარლამენტში მედია აკრედიტაციის წესის შესახებ უპასუხა, რომ ეს თავისთავად, რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა.

"რაც შეეხება, მედიის აკრედიტაციის საკითხს, დიახ, ეს თავისთავად, რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებაა. მე ერთ რამეს მოგიწოდებთ, საკითხებს რომელსაც პოლიტიზება  არ სჭირდება, ნუ დაიწყებთ ამის პოლიტიზებას,"- განაცხადა პაპუაშვილმა. 

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მედია აკრედიტაციის წესი დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. მისი თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს სამუშაო ატმოსფერო და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მედიისთვის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა.  

"რეგულაციებს რაც შეეხება, ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას.  პარლამენტის შენობა არ არის საჯარო სივრცე. ეს არის დაწესებულება, ორგანიზაცია, სადაც მედიის საქმიანობისთვის საჭირო არის შესაბამისი დაშვება/ნებართვას. აბსოლუტურად ყველა პარლამენტში აკრედიტაციის სახე აქვს ამას და ეს აკრედიტაცია თავისთავად გულისხმობს შესაბამისი ქცევის წესებს. ამ შემთხვევაში, დეპუტატებს, ოპოზიციას მოგმართავთ, კიდევ ერთხელ, თუ კი ვინმეს აქვს კრიტიკული წარმოდგენა აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით. აქ არის ორი პრინციპი და ორი სიკეთე, რომელიც ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ. ერთი, ეს გახლავთ საზოგადოების ინტერესი, რომ ქონდეს ინფორმაცია პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით  და მეორე ინტერესი გახლავთ ის, რომ საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს, მის ვიზიტორებს ქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო. ეს არის ორი ინტერესი და სწორედ, ამ ინტერესების შეფარდებით იქნა ეს რეგულაცია მიღებული. მოგიწოდებთ ყველას, ეს კეთდება განსაკუთრებით თქვენთვის იმიტომ, რომ უნდა იყოს სამუშაო ატმოსფერო, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს,  რომ მედიას ქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საზოგადოებისთვის. მე მედიას გუშინ, პირადადაც განვუმარტე ამ რეგულაციის და აკრედიტაციის შესახებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია, პირიქით, ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით და სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველყოფას ყველასთვის. არა მხოლოდ დეპუტატებისთვის, არამედ აპარატის თანამშრომლებისთვის და, ასევე, ვიზიტორებისთვის," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები