26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
უკვდავება ციფრულ სამყაროში - ქართველი გამომგონებლის იდეა, რომელიც კაცობრიობას ვიზუალურ ინფორმაციას შემოუნახავს

წარმოიდგინეთ, სახლებში სხედხართ, რთავთ ჰოლივუდის რომელიმე ფილმს და აღმოაჩენთ, რომ ამ ფილმში თქვენ მონაწილეობთ - თან ისე, რომ გადასაღებ მოედანზე არ ყოფილხართ. ან თქვენი ბავშვი თამაშობს კომპიუტერულ თამაშს, რომელშიც ერთ-ერთი გმირი თქვენი მეზობელია. ალბათ ეს დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, თუმცა შესაძლებელია. ქართველ ახალგაზრდას - გივი გამყრელიძეს ეკუთვნის უნიკალური იდეა, რომელიც მალე რეალობად იქცევა. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

შეიქმნა ოპტიკური სკანერი, რომელიც ვირტუალურ ადამიანს აწყობს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მიხვიდეთ თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც დაგასკანერებენ, რამდენიმე საათში თქვენი პროტოტიპი შეიქმნება, გაკეთდება ზუსტი ასლი და ციფრულ საცავში შეინახება. შეიქმნება ერთმანეთისგან ვიზუალურად განსხვავებული ადამიანების საერთო ბაზა. საჭიროების შემთხვევაში კინომწარმოებელ კომპანიას შესაძლებლობა ექნება მიუთითოს როგორ მსახიობს ეძებს ფილმისთვის ან ანიმაციისთვის - ციფრული ადამიანების ბაზაში მარტივად იპოვის მას და ვიზუალური ეფექტის საშუალებით ფილმში გამოიყენებს. ამით ფინანსურ სარგებელს ნახულობს ის ადამიანი, რომლის ვირტუალურ სახეს გამოიყენებენ კინომწარმოებლები.

ამ გზით მოიპოვებთ უკვდავებას ციფრულ სამყაროში. ისე როგორც, შორეულ წარსულში ეგვიპტური ცივილიზაცია მარადიულობის რწმენით ადამიანების სხეულს მუმიფიცირებით და ხანგრძლივად ინახავდა. გივი გამყრელიძეს სტარტაპის იდეაც სწორედ აქედან დაებადა, მერე გამოგონებას "ფარაო" დაარქვა და ციფრული ფარაონების ბიბლიოთეკის შექმნა დაიწყო.

ვირტუალური ადამიანი ასე იბადება: ოპტიკური სკანერით რამდენიმე საათში თქვენი პროტოტიპი იქმნება, ზუსტი ასლი ციფრულ საცავში ინახება. ამ დროისთვის ახალგაზრდების ბიბლიოთეკა 30 ადამიანის ციფრულ მოდელს ინახავს. ადამიანის ვირტუალური ასლი შეძლებს სახასიათო მოძრაობების გამეორებასაც. 

ინოვატორი ახალგაზრდები გეგმავენ, რომ ჯერ მთელი საქართველოს, მოგვიანებით კი მსოფლიოს მოსახლეობის დასკანერება დაიწყონ და ასე შემოუნახონ კაცობრიობას ვიზუალური ინფორმაცია.

მსურველებს "ფარაოში" ახლაც ელოდებიან. არც იმას გამორიცხავენ, ციფრულ ბიბლიოთეკაში შეინახონ და დაიცვან არამხოლოდ ადამიანის ვიზუალი, არამედ მისი ბიომეტრიული ინფორმაციაც, მათ შორის სისხლის ჯგუფი.

პრობლემის აღმოჩენასა და მის დაძლევაში ადამიანებს კიდევ ერთი წარმატებული სტარტაპი უნდა დაეხმაროს. პროგრამა ჯერ ტესტირების რეჟიმშია. იდეაზე ყოველდღიურად მუშაობენ, რომ მომავალში კიბერშეტევა შეუძლებელი გახდეს. კომპანია TAO Technology 2022 წლის აგვისტოში მიქაელ ჯაფარიძემ კიდევ ორ თანამოაზრესთან, დიმიტრი ჟორჟოლიანთან და ნიკა კუდუხაშვილთან ერთად დააფუძნა. ეს ახალგაზრდები ქმნიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ისეთ პროდუქტს, რომელიც აქამდე არავის გამოუცდია.

ბოლო პერიოდში ჰაკერების შემოსავალი შემცირდა, თუმცა კიბერშეტევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. კომპანიები, მთავრობები, სკოლები და საავადმყოფოებიც კი კიბერთავდასხმის მსხვერპლი რეგულარულად ხდება. ახალგაზრდების მიერ შექმნილი პროგრამა კი მუდმივად მუშაობს და მომავალი თავდასხმებისგან თავის დასაცავად წესებს ავტომატურად ანახლებს. ეს ნიშნავს, რომ კიბერკრიმინალებს ერთი ნაბიჯით უსწრებს.

ვირტუალურ სამყაროში თუ მის მიღმა ადამიანები მუდმივად შრომობენ. მიზანი კი ერთადერთია, რომ ამ ახალგაზრდა გამომგონებლების ინოვაციური იდეები გასცდეს ქვეყნის საზღვრებს და მთელი მსოფლიო მოიცვას.

დღის ამბები