გიული ალასანიას და საკონსულტაციო კომპანია "გლობალ ფოინთს" შორის თანამშრომლობას კონტრაქტი ადასტურებს. მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ლობისტური კამპანიის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. დამკვეთის მოთხოვნა უცვლელია - "გლობალ ფოინთს" სტრატეგიული კონსულტაციების, მედიასთან ურთიერთობის და მათზე წვდომის უზრუნველყოფა დაევალა.
იმისთვის, რომ საერთაშორისო მედიის ფურცლებზე სააკაშვილის თემის აქტუალიზაცია მოხდეს, გიული ალასანია მზადაა, კომპანიას ანაზღაურებაც გაუზარდოს. თუ მსგავსი მომსახურება წინა თვეში 15 ათასი დოლარი ღირდა, ამ შემთხვევაში თანხა გაიზარდა და 20 ათასი დოლარი გახდა. ხელშეკრულება 17 იანვარს დაიდო და ძალაში 16 თებერვლამდეა. შეთანხმებას მიხეილ სააკაშვილის სახელით ხელს გიული ალასანია აწერს.
ლობისტების თუ მათ გარეშე მიხეილ სააკაშვილის საკითხის არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელება ქვეყნის ინტერესების დაზიანების მცდელობაა მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებაში" მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს და მის ოჯახს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ვერც საკონსულტაციო კომპანიების მუშაობა და ვერც საერთაშორისო მედიაში შეკვეთილი სტატიები სააკაშვილზე პატიმარს სასჯელისგან ვერ გაათავისუფლებს.
საკონსულტაციო კომპანიასთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ფლობენ. საუბრობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და აცხადებენ, რომ ლობისტური კამპანიის გარეშეც საერთაშორისო მედიაში საკითხი აქტუალობას არ დაკარგავს.
ლობისტური კამპანიის უპერსპექტივობაში დარწმუნებული არიან საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატები სააკაშვილის გარემოცვას მოუწოდებენ პატიმარმა თვითდაზიანებაზე უარი თქვას.
საერთაშორისო დონეზე მიხელ სააკაშვილის საკითხის აქტუალობისთვის "გლობალ ფოინთთან" გიული ალასანიამ კონტრაქტი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დადო.