26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ევროკომისიის შეფასება, რა თქმა უნდა, არის მოსალოცი, მაგრამ ეს მოლოცვა, ვფიქრობ საქართველოს უფრო ადრე უნდა მიეღო - დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის ანგარიშზე

ევროკომისიის შეფასება, რა თქმა უნდა, არის მოსალოცი, მაგრამ ეს მოლოცვა, ვფიქრობ, საქართველოს უფრო ადრე უნდა მიეღო - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის ანგარიშს. 

ამასთან, ხუნდაძე განმარტავს, თუ რა საკითხებში აქვს უკრაინას საქართველოსთან მიმართებაში უპირატესობა და რაში უსწრებს საქართველო მოლდოვას და უკრაინას. 

"ევროკომისიის შეფასება, რა თქმა უნდა, არის მოსალოცი, მაგრამ ეს მოლოცვა ვფიქრობ, საქართველოს უფრო ადრე უნდა მიეღო. საქართველო მაშინვე იყო მზად და ამ შეფასებაში დაადასტურა თვითონ ევროკომისიამ, რომ საქართველო არის ლიდერი, ის უსწრებს მოლდოვას 12 ქულით შეფასებით ნაწილში და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება უკრაინას და ეს პოზიციაც ალბათ გასაგებია.

თავდაცვისა და უსაფრთხოების ნაწილში აქვს უპირატესობა მინიჭებული უკრაინას, გასაგებია, თუ კი შევაფასებთ ტანკების რაოდენობით, რა თქმა უნდა, ეს უპირატესობა შეიძლება იყოს მის მხარეს.

თუ შეფასებით ნაწილში თანხვედრი იქნება იმდაგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაისაჯოს იმისთვის, რომ მან ღია საომარ მოქმედებებში არ მიიღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ეს იქნება არასწორი გადაწყვეტილება. ეს იქნება კიდევ ერთი შეცდომა დასავლეთის," - განაცხადა "ხალხის ძალის" დამფუძნებელმა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის: ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა - დოკუმენტი ეხება ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება.

ამ შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების 6 ჯგუფიდან 3-ში, მათ შორის ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე გასული წლის აპრილში მიღებულ პასუხებს მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების შესასრულებლად.

ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე სტრატეგია, განსაკუთრებით ტერორიზმთან და მიგრაციასთან საბრძოლველად. ანგარიშში დადებითად არის მოხსენებული განათლების სისტემის მაჩვენებლები. შეფასება გადაეგზავნათ უკრაინას და მოლდოვასაც.

დღის ამბები