26 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იუსტიციის მინისტრის დაკითხვის თაობაზე ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის დაკითხვის თაობაზე.

შალვა ხაჭაპურიძემ რატი ბრეგაძის პროცესზე დაკითხვის შუამდგომლობა მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დაუკავშირა.

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს პრესასთან, არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე.

"მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აკეთებს გარკვეულ განცხადებებს პრესასთან, არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე. მით უფრო, რომ არგუმენტები, რომლებიც ბატონმა ზურაბმა გააჟღერა, მათთვის უკვე ნოემბრის ბოლოს ცნობილი იყო. დოკუმენტები, რომლებიც მათ სასამართლოში წარმოადგინეს, მათთვის უკვე ცნობილი გახლდათ და ამ ფორმით თუკი რაიმე საჭიროება იყო, შეეძლოთ, პირველ ეტაპზე გაეჟღერებინათ და ალბათ მათთან ერთად, სასამართლოც იზრუნებდა მოწმის დაკითხვასთან და მის წარმოდგენასთან დაკავშირებით. ამიტომ არ მინდა ვთქვა, რომ მაინცდამაინც ეს შეიძლება, ემსახურებოდეს გაჭიანურებას, თუმცა საკითხის დროულად განხილვაზე ერთგვარად პასუხისმგებლობა სასამართლოზეც არის. ვფიქრობ, ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა წაგვართმევს დროს. მით უფრო, ისეთი მოწმის, რომელიც არ არის სპეციალისტი, ექსპერტი და ის ვერ მოგვაწვდის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე ინფორმაციას", – განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

სააკაშვილის დაცვის მხარემ ყველა მოწმის დაკითხვის საკითხი მოხსნა და მხოლოდ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, მალხაზ ურთქმელიძის დაკითხვა მოითხოვა.

დღის ამბები