ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი თბილისი მერმა დღეს დააანონსა და პრეზენტაციაზე დაგეგმილი ცვლილებები დეტალურად განმარტა. ყველა ფიზიკურს პირს, ვისაც 2019 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ჰქონდა, ან აქვს A კატეგორიის ლიცენზია, ახალ სისტემაში ავტომატურად მოხვდება. ნებართვა უვადო გახდება და მისი გაყიდვა, ან იჯარით გაცემა შესაძლებელი იქნება. პირველადი ლიცენზიის აღება, ასევე, შესაძლებელია 20 მარტამდე. ამ დროის შემდეგ, სისტემა ჩაიკეტება.
რეფორმა არ ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის შემოღებას ან დამატებითი მოსაკრებლის დაწესებას. შეზღუდვები იქნება იურიდიული პირების შემთხვევაში. მათ იმ რაოდენობის ლიცენზიის ყიდვის შესაძლებლობა ექნებათ, რამდენი ავტომობილიც ჰყავთ საკუთრებაში. რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსის ნებართვას, აქამდე არსებული ყველა წესი უცვლელი რჩება.
დღეს გაირკვა ისიც, რომ ბიზნესი ახალი რეფორმის განხორციელებაში თავის წვლილს შეიტანს. მძღოლებს საბანკო სერვისები გაუმარტივდებათ.
პრეზენტაციას, ბიზნესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი კახი კალაძემ გუნდთან ერთად 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ტაქსები ორ, A და B კატეგორიად დაიყო. მესამე ეტაპი 1 აპრილიდან ამოქმედდება და თეთრი ფერის ავტომობილის მფლობელისთვის ნებართვები მუდმივი, უვადო გახდება.