26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
აშკარაა, რომ არის სერიოზული კოორდინაცია იმისათვის, რომ პროექტი, რასაც სააკაშვილის დახსნა ჰქვია, განხორციელდეს - დავით მათიკაშვილი უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მიხეილ სააკაშვილის გადაცემას ითხოვენ ოპოზიციაში აფასებენ და ამბობენ, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან უკრაინის საგარეო უწყებას. 

"მე ვეთანხმები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმაში, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში და ახლაც, პროპაგანდისტულად მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის დეჰუმანიზაცია. ეს არის ძალიან მძიმე, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება". ამიტომ, მან უნდა მიიღოს ადეკვატური მკურნალობა და ამისთვის მზად არის ცივილიზებული ქვეყნები,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ხატია დეკანოიძე

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება იმისათვის, რომ მოხდეს მანიპულაცია და სასურველის სინამდვილედ გასაღება:

"არამხოლოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენ მოვისმინეთ ზელენსკის განცხადება ფოტოებით ხელში, ასევე მოვისმინეთ  სანდუს განცხადება - აშკარაა, რომ არის სერიოზული კოორდინაცია ერთმანეთში იმისათვის, რომ ის პროექტი, რასაც პატიმარ სააკაშვილის დახსნა ჰქვია - განხორციელდეს. ბევრ კითხვას პასუხი კარგად გაეცემა - რატომ ითხოვდნენ თავის დროზე ამის რეანიმაციაში გადაყვანას მაშინ, როდესაც დებატები იყო ჩანიშნული, რატომ მოხდა შემდეგ სააკაშვილის მიერ ფოტოების გამოქვეყნება. იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ ზელენსკის ამოეწია ასე კამერების წინ. ეს ყველაფერი ხორციელდება იმისათვის, რომ მოხდეს მანიპულაცია და სასურველის სინამდვილედ გასაღება,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე.

უკრაინის საგარეო სამინისტრო, ასევე, მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები