26 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ღია საზოგადოების ფონდი, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიციას ავრცელებს - თბილისის მერიისთვის ფონდის არგუმენტები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა

ღია საზოგადოების ფონდი, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სოციალურ ქსელში პეტიციას ავრცელებს და ხელმოწერებს აგროვებს. ფონდმა პეტიციაზე ხელმოწერები თბილისის მერიას და საკრებულოს მიმართვასთან ერთად გაუგზავნა. წერილში ამტკიცებენ რომ პროექტის იდეა ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურების და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გართულების საფრთხეებს შეიცავს

თბილისის მერიისთვის ფონდის არგუმენტები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. მუნიციპალიტეტში განმარტავენ რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე ბევრი ეტაპია გასავლელი. ახლა პროექტი დაგეგმარებითი დავალების მომზადების ეტაპზეა, შემდეგ კი რეგულირების გეგმაა დასამტკიცებელი.

ღია საზოგადოების ფონდის მხრიდან პოლიტიკურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას საკრებულოს თავმჯდომარეც. გიორგი ტყემელაძე დარწმუნებულია, რომ ლაგუნა ვერეს რეაბილიტაციის პროექტი ტერიტორიის კეთილმოწყობით, ქალაქის ინტერესების გათვალისწინებით და ურბანული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

დედაქალაქის უმსხვილესი საცურაო კომპლექსი სახელმწიფომ კერძო ინვესტორებზე აუქციონის წესით 2007 წელს გაასხვისა. 2020 წლიდან აქციების უდიდესი ნაწილის მფლობელი ფონდი "ქართუა". ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლაგუნა ვერეს მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი გეგმის თანახმად, "ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელებს კითხვები პროექტის კონცეფციასთან დაკავშირებით აქვთ.

მმართველ პარტიაში არასამთავრობო სექტორის მხრიდან, საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" წინააღმდეგ კონკრეტულ დაინტერესებაზე ამახვილებენ ყურადღებას. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეები მიზანმიმართულად ცდილობენ ხელი შეუშალონ ქალაქის განვითარების გეგმას.

"ლაგუნა ვერემ" ფუნქციონირება გახსნიდან 35 წლის შემდეგ შეწყვიტა. საცურაო აუზის ტერიტორია დააზარალა 13 ივნისის სტიქიამ და წყალდიდობამ. სულ მალე კი ქალაქის ისტორიულ სივრცეში მოქალაქეები გამაჯანსაღებელი კომპლექსით სარგებლობას ისევ შეძლებენ. მერიას პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ერთ-ერთი მთავარი პირობა აუზის ძველი იერსახის შენარჩუნებაა. აუთენტურად შენარჩუნდება აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობაც, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ სახეს ქმნის.

დღის ამბები