26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაშა ხუციშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე.

საუბარი შეეხო "საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას.

როგორც ცნობილია, 2023 წლისთვის, ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები შეადგენს 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი - 80 მლრდ ლარამდე.

მომდევნო წლებში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოდ 5 პროცენტზეა შენარჩუნებული, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3 პროცენტია. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი, 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის იზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე. რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე - არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 8000 დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის - 10 000 დოლარს გადააჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და 5.8%-ს გაუტოლდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. როგორც ცნობილია, სულ ახლახან, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა:

• მთავრობის ვალის შემცირება;

• ფისკალური დეფიციტის კლება;

• საერთაშორისო რეზერვების შევსება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველომ გააუმჯობესა ვალის მშპ-სთან მიმართებით მაჩვენებელი 2019 - პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2022 წელს ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 39.6%, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 40.4%-ს შეადგენა.

დღის ამბები