26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ექიმებმა სააკაშვილის სიმაღლეს 2 სმ მოაკლეს, რადგან საბუთებში პარამეტრები შეენარჩუნებინათ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეული თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, კლინიკა "ვივამედში" მივიდა. ხაბეიშვილი კლინიკაში მას შემდეგ მივიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციაში გადაჰყავთ. 

"კარგად უნდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს თემა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ნაციონალური მოძრაობისთვის იქნება პრიორიტეტული, ნომერ პირველი და ვერანაირი სხვა პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება ქვეყანაში, სანამ ტყვეობაში ეყოლებათ".- ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

ხაბეიშვილის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები ხელოვნურად არის შეცვლილი.  

"მე ახლა როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში, იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოსცდეს მისი პარამეტრები. 194 სმ-ია სააკაშვილი და 68 კგ. 2 სმ კიდევ მოაკლეს და ეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ. ხვდებით ხო, თუ რაზე მიდის ხელისუფლება? წარმოუდგენელია,"- ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეული თავმჯდომარე ამბობს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში. 

"პრეზიდენტი სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს, მას ექცევიან როგორც ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ, რადგან სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი".- ამბობს ხაბეიშვილი.  

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პალატაში რჩება და მისი რეანიმაციაში გადაყვანა, ჯერჯერობით, არ იგეგმება.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური. 

დღის ამბები