უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება - რუსულმა ძალებმა ნიკოპოლის რეგიონი დაბომბეს. დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი სისტემა. იბომბება ჩერნიგოვის რეგიონი. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც.
ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსმა სამხედროებმა დანაღმული ველების შესამოწმებლად მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყენეს. ინფორმაციას ომის ამ დანაშაულის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში.
"რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში – ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დარჩეს არცერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და დამტკიცება, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია.
დანიამ მხარი დაუჭირა ჩვენს შავი ზღვის საექსპორტო ინიციატივას. ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი სასურსათო უსაფრთხოებასთან მიმართებით, ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა ჩვენი მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებშიც.
მადლობელი ვარ ყველა მეწარმისა და დამსაქმებლის, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და იხდიან გადასახადებს. ეს არის თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.